-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე თურქოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
შაყულაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (18.I.1930, თბილისი-21.IV.2018, დაკრძალული მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში), თურქოლოგი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. შ. გ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ.-ტის თურქოლოგიის განყ-ება (1951-1956), შემდეგ ასპირანტურა (1956), დაიცვა საკანდიდატო დოსერტაცია თემაზე „საიათნოვას აზერბაიჯანული ლექსები თეიმურაზისეული დავთრის მიხედვით„ (1968) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ძველი თბილისის პოეზია ქართული წყაროების მიხედვით" (1991), თანამშრომლობდა გაზ. „თბილისელებთან" კორესპორენტად (1958-1960). შ. გ. იყო: გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შემდეგ მთ. მეცნიერ-თანამშრომლი; ამავე ინ-ტის თურქ. განყ-ების ხელმძღვ. (1960) და სამეცნ. საბჭოს წევრი (1992). იგი კითხულობდა ლექციებს: თსუ-ში ქართულ-აზერბ. კულტ. და ლიტ. ურთიერთობის შესახებ (1961); იმავე კურსს კავკ. ენების კათედრაზე (2008-დან); თბილ. აზიისა და აფრიკის ინ-ტში (თურქ. ლიტერატურის ისტორია, 1991- 2017); ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტში (თურქ. ენისა და ლიტ. ისტორია); ამავე უნ-ტში იყო თურქ. ლიტერატურაში სადოქტორო დისერტაციების ხელმძღ. (2005 -2016); მიჰყავდა სალექციო კურსი „აშუღური პოეზია და საქართველო“ ვენეციის უნ-ტში (1989). შ. გ.-ს კვლევის სფეროა მე-18 ს.-ში აღმოსავლეთიდან ქართულ სინამდვილეში შემოსული აშუღური პოეზია და მის დამკვიდრებასთან ერთად კონკრეტული სალექსო ფორმის კვლევა. შ. გ.-მ „დედე ქორქუთის„ თარგმანისთვის, აზერბაიჯანის მთავრობისგან, მიიღო „კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ წოდება (1987). შ. გ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი: „მირზა ფათალი ახუნდოვი“ (ცისკარი, 1962, N10); "საიათნოვას ქართული ლექსების ტექსტოლოგიური შესწავლისათვის“ (საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მაცნე, 1975, N 3); „ერთი ტერმინის გაგებისათვის: [ლექსთა კრებულიდან: ყბედი ჰაზირას რჩეული სიმღერები. 1903 წ. სიტყვა "ყბედის" მნიშვნელობისათვის]“ (საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის მაცნე, 1982, N4); „მიზანი-აღმოსავლური ენების სწავლება: ტრადიცია“ (საქართველოს რესპუბლიკა, 1999, N166); „იეთიმ გურჯის ბიოგრაფიული ეტიუდები“ (მწიგნობარი: ალმანახი, 1999, N 99).
თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): შაყულაშვილი, გ. (1970). საიათნოვას აზერბაიჯანული ლექსები თეიმურაზისეული დავთრის მიხედვით: ტრანსკრიპცია, თარგმანი და ლიტერატურული მიმოხილვა. თბ., მეცნიერება, ISBN: 9789941417092; შაყულაშვილი, გ. (1987). ძველი თბილისის პოეზიის ისტორიიდან. თბ., მეცნიერება; შაყულაშვილი, გ. (2001). ჩვენი სულიერი ცხოვრების ანომალიები. თბ.; შაყულაშვილი, გ. (2006). ეტიუდები ძველი თბილისის ლექსიკიდან. თბ.; შაყულაშვილი, გ. (2008). ძველი თბილისის სამუსიკო საკრავები: (დუდუკი). თბ.: [ცოდნა], ISBN: 9789941013621; შაყულაშვილი, გ. (მთარგმნელი). (2019). აზერბაიჯანული ზღაპრები: [კრ.]. თბ., პალიტრა L, ISBN: 9789941295348.
ლიტ.: გაბესკირია, შ. (2018). გიორგი შაყულაშვილის ხსოვნას. გ. წერეთლის სახ. აღმოსოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი, N 11.